logo
ENG



ჯორჯ ფლოიდი ჰიუსტონში დედის გვერდით დაკრძალეს

10 ივნ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

ჯორჯ ფლოიდი, რომელიც რასიზმთან ბრძოლის სიმბოლო გახდა, ჰიუსტონში დედის გვერდით დაკრძალეს. გამოსამშვიდობებელი ცერემონია ქალაქის ეკლესიაში 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა და მას პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.

ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიალმა ჰიუსტონის ეკლესიაში რასობრივი სამართლიანობის მოწოდებების ფონზე ჩაიარა. რიგითი მოქალაქეებისთვის ტაძარი დახურული იყო. ცერემონიაზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და კინომსახიობები. საერთო ჯამში 500 ადამიანი. მთავარი სიტყვა ცერემონიაზე კონგრესმენმა ელ გრინმა და სამოქალაქო უფლებების დამცველმა ელ შარფტონმა წარმოთქვეს.  

ჰიუსტონში იმყოფებოდა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი, რომელიც დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს შეხვდა. პოლიტიკოსმა ეკლესიაში შეკრებილებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა. 

ცერემონია 4 საათი გაგრძელდა. ეკლესიიდან ჯორჯ ფლოიდის ცხედარი ეტლით ჰიუსტონის გარეუბანში მდებარე სასაფლაოზე გადაასვენეს. მის ხსოვნას პატივი რიგით ამერიკელებთან ერთად მიაგეს მსახიობებმა ჩენინგ ტატუმმა და ჯეიმი ფოქსმა, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობდა. 

ფლოიდის ხსოვნას პატივი შეერთებული შტატების ქალაქებში და ევროპაშიც მიაგეს პატივი. ინგლისში ეპისკოპოსებმა ლესტერის ტაძრის წინ სიმბოლურად 8 წუთით და 46 წამით დაიჩოქეს, ზუსტად ამდენხანს ძალადობდა პოლიციელი დერეკ შოუვინი ფლოიდზე, რაც საბოლოოდ ფერადკანიანის გარდაცვალებით დასრულდა და მთელ მსოფლიოში სახალხო პროტესტით გაგრძელდა. ორკვირიანი აქციები ძეგლების აღების კამპანიამ ჩაანაცვლა. დემონსტრანტების სამიზნე გახდნენ მონებით მოვაჭრე კოლონისტების, მეფეების და მოგზაურთა ქანდაკებები. ვირჯინიაში აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და ტბაში  ჩააგდეს. ამ კამპანიას მიუძღვნა მორიგი ნახატი ბენქსმა. ანონიმმა მხატვარმა ახალი გრაფიტები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


close დახურვა